Sunday, April 29, 2012

სტუდენტური

        დღევანდელი პოსტი ჩემი პირადი გამოცდილების ასახვა უფროა, ვიდრე რეკომენდაციის გაწევაყველაფერი იმით დაიწყო, რომ მრავალფეროვნებისთვის გადავწყვიტე ამ კვირას ხარისხიანი და კომფორტული კაფე-ბარის მაგივრად დამეწერა რაც შეიძლება იაფფასიანი და "ზაბიგალოვკური" ტიპის დაწესებულების შესახებ და დიდხანს არც დამჭირვებია ძებნა. მეტიც, სრული თავდაჯერებულობით ვამბობ, რომ შესაძლოა ეს  ჩემი ცხოვრების ყველაზე უნიკალური აღმოჩენა იყო


უნივერსიტეტის მე-V კორპუსის გვერდით, რკინის გისოსებიან მიწისქვეშეთში ფუნქციონირებს ყველაზე უცნაურ კაფეებს შორის ყველაზე უცნაური კაფე.


კაფე სინამდვილეში ასე გამოიყურება:
როგორ დავინახე მე: "Welcome to Silent Hill Cafe!"

პირველი აზრი რაც დამებადა იყო ის, რომ კაფე ან სივრცის და დროის პოსტალში გადაადგილებისას გაიჭედა ან გენიალური დიზაინერის შედევრი იყო: იმის გარდა, რომ ბუფეტი შემაშფოთებლი ტონის ვარდისფერითაა შეღებილი, ბარისთვის დამახასიათებელი შეკიდული ჭერით და ტავერნის კარებით გაფორმებული, სამზარეულო კი საოპერაციო ოთახს გავს, სასადილო ოთახში რატომღაც ოდრი ჰეფბერნის და 40-იანი წლების პარიზის შავ-თეთრი სურათები კიდია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მაგიდებს შორის ბუნგალოს ტიპის საზაფხულო ფარდებია აღმართული (არ ვაჭარბებ).

ბარის სტენდის მიღმა, სადაც წესით შეკვეთა უნდა მისცე, დგას ქალბატონი, რომელიც როგორც გაირკვა ოფიციანტიც, მზარეულიც, მენეჯერიც, მოლარეც და სავარაუდოდ დარაჯიც თავადაა. ამ ქალთან (შემდგომში პირობითათ წოდებული, როგორც ქ.-ნი ჯ. ანდრსონი) გამოლაპარაკების მერე, ვერავინ დამაჯერებს, რომ როგორც მინიმუმ FBI-ის აგენტი არ იყო. გთავაზობთ ამონარიდს ამ საუბრიდან:

მე: - გამარჯობათ, თუ შეიძლება 2 ჩაი.
ქ.-ნი ჯ. ანდრსონი: - .... (ჩაიდანს ადგამს)
მე: - უკაცრავად, ამ კაფეს რა ქვია? 
ქ.-ნი ჯ. ანდრსონი: - (უხერხული პაუზა)....არაფერი არ ქვია შვილო...

რაზეც ჩემი რეაქცია იყო ასეთი:



მოკლედ, რამდენიმე მტკივნეული წუთის შემდეგ გავარკვიე, რომ როგორც ჩანს ამ კაფე/ბარ/ტავერნა/რესტორანს "სტუდენტურს" ეძახიან.

რაც შეეხება კერძების სიას, უნდა ვაღიარო, რომ ფართო არჩევანი არ არის, ძირითადად ცომეული და ნამცხვრებია, თუმცა რაც შემოთავაზებულია ყველაფერი საკმაოდ გემრიელი და რაც მთავარია სასაცილოდ იაფია (გირჩევთ გასინჯოთ - რატომღაც ჭიქაში გაკეთებული - ჩინური ტორტი, რომელიც არაადამიანურად გემრიელია მშიერ კუჭზე). 

დასკვნა: იმდენად არანორმალური ადგილია, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,  რაღაც მისტიური ძალის გავლენით აუცილებლად ვაპირებ ამ კაფის კიდევ ერთხელ სტუმრობას. ასე, რომ თუ თქვენი პრიორიტეტია არაადეკვატურ გარემოში, სწრაფად და იაფად ჭამოთ, ეს ადგილი თქვენთვის ზედგამოჭრილია. 



P.S. ორმაგი შთაბეჭდილებისთვის, პოსტის კითხვის პარალელურად მოუსმინეთ ამ ტრეკს: